ფეზეშქიანი: მტრებმა 12 დღიან ომში განცდილი მარცხის გამო 2026 წლის იანვარში კრიზისის და არეულობის შექმნით შური იძიეს
.
ფეზეშქიანი: მტრებმა 12 დღიან ომში განცდილი მარცხის გამო 2026 წლის იანვარში კრიზისის და არეულობის შექმნით შური იძიეს
პრეზიდენტმა ირანელი ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა: რაც ბოლო კვირების განმავლობაში ყველას ჩვენგანს გადაგვხდა თავს, რთული გამოცდა იყო, რომელმაც მძიმე დაღი დაგვასვა. ეს მტკივნეული მოვლენები ჩემთვის, როგორც თქვენი პრეზიდენტისა და თქვენი რჩეულისათვის, განსაკუთრებით მძიმე იყო.
ირანისთვის ავისმოსურნეთა ბოროტმა შეთქმულებამ ხალხის სამართლიანი და სამოქალაქო პროტესტის არენა სისხლიან და ძალადობრივ ასპარეზად აქცია, რის შედეგადაც ამ ქვეყნის თითქმის სამი ათასი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ ათასობით ადამიანმა ფიზიკური და სულიერი ტრავმა მიიღო.
სწორედ იგივე ბინძური ხელები, რომლებიც 12 დღიანი ომის დროს ათასობით ირანელი ქალის, მამაკაცის, ბავშვის, ახალგაზრდის, მეცნიერისა თუ სამხედრო მეთაურის სისხლშია გასვრილი, დღეს სხვა მხრიდან წამოგვეპარა, გამოიყენა დაქირავებული ძალები, და პროტესტი, რომელიც ნებისმიერი განვითარებული საზოგადოების ბუნებრივ უფლებას წარმოადგენს, უწმინდურ რისხვად აქცია. შედეგად დაიწვა და განადგურდა ასობით მეჩეთი, სკოლა, საზოგადოებრივი დაწესებულება და სახელმწიფო საკუთრება.
ჩაიფერფლა მრავალთა სიცოცხლე, სისხლით შეიღება ღირსეულთა ცხედრები. თითქმის 2500 უდანაშაულო პირის და უსაფრთხოების ძალების მოწამეობრივი აღსასრული რამდენიმე მშფოთვარე დღის მანძილზე, უმძიმესი რამ იყო, რომელიც ირანმა სხვა არაერთ ურთულეს განსაცდელთან ერთად გადაიტანა. 2026 წლის იანვარში განხორციელებული ამერიკულ-სიონისტური შეთქმულება ირანელი ხალხის მტრების უღირსი შურისძიება იყო 12-დღიან ომში განცდილი მარცხისთვის.
მე დღეს ვგლოვობ ყველა დაკარგულ სიცოცხლეს და თანავუგრძნობ თითოეულ თანამემამულეს, რომლებმაც ამ დღეების მანძილზე დიდი ტკივილი და მწუხარება გადაიტანეს. იმ სტატუსისა და პასუხისმგებლობის საფუძველზე, რომელიც დიდი ირანელი ხალხის ნდობიდან მომდინარეობს, კვლავ ვიმეორებ ჩემს ფიცს — დავრჩე ხალხის უფლებების დამცველად.
მე სხვადასხვა ჯგუფებს დავავალე, რომ ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები სიღრმისეულად შეისწავლონ, რათა ძალადობის ძირეული მიზეზები გამოვლინდეს და აღმოიფხვრას. პროტესტი მოქალაქეთა ბუნებრივი უფლებაა და სახელმწიფო თავს ვალდებულად მიიჩნევს, მოუსმინოს ხალხის ხმას.
ბოლო დროს დაკავებულთა მდგომარეობისა და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების განხილვისას უმაღლესი სიზუსტე იქნება დაცული, რათა მართლმსაჯულების უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით, ერთმანეთისგან გაიმიჯნონ ისინი, ვისაც ხალხის ხელში აქვს სისხლი გასვრილი და ვინც მოტყუებით აღმოჩნდა დემონსტრაციაზე ან უბრალოდ პროტესტს გამოხატავდა.
სახელმწიფო თავს მოვალედ მიიჩნევს ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა წინაშე. შესაბამისად, დიდი ირანელი ხალხის თანადგომით და დახმარებით, რამდენადაც შესაძლებელია, მიყენებული ზარალსი ანაზღაურდება.
სუსტი წერტილების გამოვლენა და მათი გამოსწორება, ასევე მწარე გამოცდილებიდან გაკვეთილის მიღება, მომავლის სწორ გზას დაგვანახებს. დიდი ირანელი ხალხი ერთიანობით, ხელისუფლების სამივე შტოს ურთიერთთანადგომით და უზენაესი სულიერი ლიდერის წინამძღოლობით, ნათელ და მყარ მომავალს შექმნის.