30 January 2026
2026/01/12 - 11:29

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და სხვა ირანელმა დიპლომატებმა ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობათა ამაგდარს პატივი მიაგეს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და სხვა ირანელმა დიპლომატებმა ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობათა ამაგდარს პატივი მიაგეს

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა სეიედ ალი მოჯანიმ, თავის პირველ სამუშაო დღეს, მას შემდეგ, რაც რწმუნებათა სიგელის ასლი საქართველოს ოფიციალურ პირებს გადასცა, თავის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის, განსასვენებელი და ამ გამოჩენილი დიპლომატის ხსოვნას და ისტორიულ ღვაწლს პატივი მიაგო. ირანელ სტუმრებს ამ შეხვედრაზე უმასპინძლეს ელენე და ნათია გიუნაშვილებმა, გარდაცვლილი ჯემშიდ გიუნაშვილის ქალიშვილებმა.

ირანის ელჩმა ამ შეხვედრაზე პროფესორ გიუნაშვილის ოჯახს განუცხადა: ბატონი ჯემშიდი არა მხოლოდ ელჩი, არამედ ირანისტი და აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ და, თავისი მოღვაწეობით, ირანისა და საქართველოს დიდ ცივილიზაციათა შორის ხიდს წარმოადგენდა. ის თეირანში დიპლომატიური მისიის განხორციელებას შეუდგა მაშინ, როცა საქართველო, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა ახალმოპოვებული ჰქონდა, ეძებდა საკუთარ იდენტობას, სტაბილურობას და საერთაშორისო ადგილს. ასეთ ვითარებაში ჯემშიდ გიუნაშვილმა თეირან-თბილისის ურთიერთობებში ახალი ხედვა შეიტანა. მისი რწმენით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ უნდა იყოს მხოლოდ მთავრობებსა და დროებით მოვლენებს დაქვემდებარებული, არამედ უნდა ეფუძნებოდეს ორი ერის ისტორიულ, კულტურულ ფესვებსა და საერთო მეხსიერებას; ეს შეხედულება მოგვიანებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მთავარ საყრდენად იქცა.

ბატონმა მოჯანიმ ასევე დასძინა: ეს გამოჩენილი დიპლომატი მართლაც უნიკალური იყო იმით, რომ მან შეძლო საქართველოს დაბრუნება ირანის ცივილიზაციურ სივრცეში. მან შეძლო საქართველო „პოსტ-საბჭოთა“ ქვეყნის ჩარჩოდან გაეყვანა და ის წარმოეჩინა „ირანთან გადაჯაჭვული კავკასიის“ ისტორიულ კონტექსტში. ამ მიდგომამ ორი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკის დონიდან  რამდენიმე ათასი წლის ისტორიის სიღრმემდე აიყვანა.

საქართველოში ირანის ახალი ელჩის პერსპექტივიდან შემიძლია განვაცხადო: თეირანსა და თბილისს შორის ოფიციალურ მოლაპარაკებებში დღეს თავისთავად მიღებულმა ბევრმა კონცეფციამ, მათ შორის ურთიერთპატივისცემამ, შიდა საქმეებში ჩაურევლობამ და ისტორიული ურთიერთობების ადგილმა დიპლომატიაში, პირველად გიუნაშვილის ელჩობის დროს შეაღწია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ლექსიკონში.

ირანის ელჩმა ასევე გაიხსენა ერთ-ერთი უკანასკნელი საუბარი განსვენებულ ჯემშიდ გიუნაშვილთან და აღნიშნა: ის ყოველს ხაზს უსვამდა იმას, რომ ელჩი არ უნდა იყოს მხოლოდ მთავრობის წარმომადგენელი, არამედ ის უნდა წარმოადგენდეს საერთო ისტორიას და ორი ერის მახლობელ კულტურას.

პატივის მიგება განსვენებული ელჩისადმი მოწმობს იმას, რომ გრძელდება პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის მიერ ათწლეულების წინ ირან-საქართველოს ურთიერთობებში ცივილიზაციური და მომავლის ხედვით გაკვალული გზა.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است